Monday, June 4, 2012

   ქრისტიანობა მსოფლიოს უდიდესი რელიგიაა, რომლის მიმდევართა საერთო რაოდენობა კარგა ხანია მილიარდს აჭარბებს. იესო ქრისტე უნდა ჩაითვალოს ყველა დროის უდიდეს მოღვაწედ. მან ისეთი გარდატეხა მოახდინა სამყაროში, რომლის მსგავსი კაცობრიობას არ ახსოვს. ქრისტე შეუდარებელია როგორც პიროვნება და როგორც მოაზროვნე. შეიძლება, რომ მას ისტორიის ჭეშმარიტი სასწაული ეწოდოს. თავისი არსებობის პირველი დღეებიდანვე ქრისტიანობას უამრავი მტერი გამოუჩნდა. ისინი არ ყოფილან არც უვიცნი და არც გაუნათლებელნი. ამ ჯურის მოაზროვნენი მთელ თავიანთ განათლებასა და ენერგიას ახმარდნენ ქრისტიანული იდეების გაცამტვერებას, მაგრამ მათ ვერ შეარყიეს ამ უდიდესი მოძღვრების საფუძვლები. დღეს განათლებული კაცობრიობის რჩეული ნაწილი, რომელსაც ისტორიის სადავეები უპყრია ხელთ, ქრისტიანულ მორალს აღიარებს და მის უწმინდეს წიგნზე ხელის დადებით ადასტურებს სამყაროს უკეთესი მერმისისათვის თავდადების ფიცს. ქრისტიანული რელიგიის წარმოშობისა და განვითარების შესახებ არსებობს ორი სახის წყარო – ქრისტიანული და არაქრისტიანული, რომელშიც შედის ანტიკური ხანის მწერლების ცნობები პირველქრისტიანული თემების შესახებ. ეს არის, ერთი მხრივ, რომის სახელმწიფოს დამოკიდებულების საკითხი და მეორე მხრივ, პირდაპირი და მწვავე კრიტიკა ახალი რელიგიური მიმდინარეობისა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოირჩევიან: ლუკიანე, ცელსუსი, ცეცილიუსი, პორფიროსი, იულიანე, ჰიეროკლესი და სხვანი. სანიმუშოდ შეიძლება დავასახელოთ ქრისტიანობის დაუძინებელი მტრის – ცელსუსისა და ქრისტიანობის აპოლოგეტის – ორიგენეს ნაშრომები, უფრო სწორად, ორიგენეს ნაშრომი, რომელშიც გაცამტვერებულია ცელსუსის ყველა შეხედულება ქრისტიანობის კრიტიკის შესახებ. ჩვენამდე ცელსუსის ნაწარმოებს არ მოუღწევია, მაგრამ ორიგენე, რომელსაც ხელთ უნდა ჰქონოდა ცელსუსის შრომა, პუნქტობრივად სცემს პასუხს ცელსუსის ბრალდებას, საიდანაც ვიგებთ როგორც ცელსუსის, ასევე ორიგენეს ნაშრომების ხასიათს.

No comments:

Post a Comment